ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პუტინი ღაზაზე: როცა განურჩევლად ხოცავენ უდანაშაულო ხალხს, არაფრითაა გამართლებადი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელმაც გასულ წელს უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა წამოიწყო, თვლის, რომ უდანაშაულო მოსახლეობის დახოცვა გაუმართლებელია. მისივე თქმით, დახოცილი ბავშვებისა და დატანჯული მოხუცების დანახვაზე ბრაზისგან მუშტები ეკვრება და თვალზე ცრემლი ადგება. რუსეთის პრეზიდენტმა ეს კომენტარი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით გააკეთა.

"გვახსოვს როგორც დაიწყო ახლო აღმოსავლეთის მიმდინარე კრიზისი - ისრაელისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმით. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ დამნაშავეთა და ტერორისტთა დასჯის ნაცვლად, სამწუხაროდ, დაიწყეს კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპით შურისძიება. საშინელი მოვლენები, რაც ახლა ღაზის სექტორში ხდება, როცა განურჩევლად ანადგურებენ ასიათასობით უდანაშაულო ადამიანებს, რომლებსაც არსად აქვთ გასაქცევი, ბომბებისგან დასაცავად თავს ვერსად შეაფარებენ, არაფრით გამართლება არ შეიძლება. როდესაც უყურებ დასისხლიანებულ ბავშვებს, დახოცილ ბავშვებს, იმას, თუ როგორ იტანჯებიან ქალები, მოხუცები, როგორ იხოცებიან ექიმები - რა თქმა უნდა, [ბრაზისგან] მუშტები გეკვრება და თვალზე ცრემლი გადგება. სხვაგვარად ვერ იტყვი". – თქვა პუტინმა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.

ამას გარდა, პუტინმა მორიგი კონსპირაციული თეორია გააჟღერა და ირწმუნება, რომ ახლო აღმოსავლეთში მსგავსი არეულობა "აშშ-ს მმართველ ელიტებს" აწყობთ და მათი დაკვეთაა.

"თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ უნდა დავუშვათ, რომ ემოციებით ვიხელმძღვანელოთ. ცხადად უნდა გვესმოდეს, რეალურად ვინ დგას ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ერების ტრაგედიების უკან, ვინ აორგანიზებს მომაკვდავ ქაოსს, ვის აწყობს. დღეს, ჩემი თვალსაზრისით, ეს ცხადი და ყველასთვის გასაგები გახდა - დამკვეთები ღიად და თავხედურად მუშაობენ. სწორედ აშშ-ს ამჟამად მმართველი ელიტები და მათი თანამგზავრები - მსოფლიო არასტაბილურობის მთავარი ბენეფიციარები". – თქვა პუტინმა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები