ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰაიათი: ერდოღანის მცდელობა, დაიცვას ტერორისტები, ვერ ცვლის იმას, რომ ჰამასი უდრის ISIS-ს

Representative of the Ministry of Foreign Affairs of Israel, Lior Hayat
Radio JAI

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ლიორ ჰაიათი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ "თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მცდელობები, დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია, ვერ შეცვლის იმას, რომ ჰამასი ისლამურ სახელმწიფოს უდრის".

აქამდე, ერდოღანმა პარლამენტში საკუთარი პარტიის, სამართლიანობისა და განვითარების წევრებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ჰამასი არ წარმოადგენს ტერორისტულ ორგანიზაციას, იგი "განმათავისუფლებელთა და მოჯაჰედთა [მებრძოლთა] ჯგუფია, რომელიც საკუთარი მიწისა და ხალხის დასაცავად იბრძვის". 

ჰაიათის თქმით, მსოფლიომ კარგად დაინახა ჰამასის მიერ ჩადენილი სასტიკი ქმედებები, შესაბამისად, ცხადია, რომ ჰამასი ტერორისტია. 

"ისრაელი მთელი გულით უარყოფს თურქეთის პრეზიდენტის საზიზღარ სიტყვებს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის შესახებ. ჰამასი ISIS-ზე უარესი, საზიზღარი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც განზრახ და სისასტიკით კლავს ჩვილებს, ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს. მძევლად აჰყავს სამოქალაქო პირები, ხოლო საკუთარ ხალხს დამცავ ფარად იყენებს, თურქეთის პრეზიდენტის მცდელობა და მის მიერ გაკეთებული წამახალისებელი წინადადებები ტერორისტული ორგანიზაციის დაცვის მიზნით, არ შეცვლის იმ საშინელებას, რაც მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახა. ცალსახა ფაქტია: ჰამასი = ISIS". - წერს ჰაიათი X-ზე


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.
 

კომენტარები