ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ერდოღანი: ჰამასი არაა ტერორისტული ორგანიზაცია, იგი განმათავისუფლებელთა და მებრძოლთა ჯგუფია

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ჰამასი არ წარმოადგენს ტერორისტულ ორგანიზაციას, იგი საკუთარი მიწისთვის მებრძოლთა ჯგუფია. ამის შესახებ ერდოღანმა პარლამენტში საკუთარი პარტიის, სამართლიანობისა და განვითარების წევრებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, იგი განმათავისუფლებელთა და მოჯაჰედთა [მებრძოლთა] ჯგუფია, რომელიც საკუთარი მიწისა და ხალხის დასაცავად იბრძვის".  - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰამასის ტერაქტებზე ისრაელის პასუხს "ყველაზე სისხლიანი და სასტიკი" თავდასხმა უწოდა. თელ-ავივი კი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა.

ამავდროულად, თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი. მისი თქმით, საჭიროა მუსლიმური ქვეყნების ერთობლივი ქმედებები, რათა რეგიონში ხანგრძლივმა მშვიდობამ დაისადგუროს.

მანამდე, 11 ოქტომბერს ერდოღანმა ისრაელსა და ჰამასს შორის დაწყებულ ომზე ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელმა ჰამასს ხოცვა-ჟლეტით უპასუხა. მისი თქმით, ღაზის სექტორის ბლოკადა და დაბომბვა ისრაელის მხრიდან არაპროპორციული პასუხი იყო.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.
 

კომენტარები