ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

I24: ჰამასი ორმაგი მოქალაქეობის მქონე 50 მძევალს წითელ ჯვარს გადასცემს

მძევლად აყვანილი ისრაელელების ოჯახის წევრები თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმის გარეთ მოწყობილ "მძევალთა მოედანზე", 2020 წლის 19 ოქტომბერი
Tomer Neubergi/Flash90

I24 ღაზაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კატარის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპს უახლოვდება და წითელი ჯვარი ორმაგი მოქალაქეობის მქონე მძევალთა 50-კაციანი ჯგუფის მიღებისთვის ემზადება.

მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჰამასს მძევლები უკვე გადაჰყავს ღაზის სამხრეთში მდებარე ხან იუნისისკენ, სადაც ტერორისტებმა ისინი წითელ ჯვარს უნდა გადასცენ.

როგორც I24 წერს, ისრაელი ორმაგი მოქალაქეობის მქონე მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებში მხარეს არ წარმოადგენს და თუ დამატებით წინააღმდეგობა არ შეიქმნება, შეთანხმების სრულად მიღწევა მომდევნო საათებში იქნება შესაძლებელი.

ამასთან, მედიის ცნობით, იმისთვის, რომ წითელი ჯვრის პერსონალმა უსაფრთხოდ მიაღწიოს ტერიტორიას სადაც მძევლები უნდა ჩაიბარონ, ბოლო საათებში ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმები შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე the New York Times-ი ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებულ შტატებსა და კატარს შორის გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე, ჰამასს, შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე დაახლოებით 50 მძევალი გაეთავისუფლებინა.

გამოცემა ასევე წერდა, რომ აშშ-მ ისრაელს ღაზაში სახმელეთო ოპერაციის წამოწყების გადადება ურჩია, რათა ვაშინგტონს მეტი დრო მიეცეს რეგიონში პარტნიორებთან სამუშაოდ და ჰამასის ტყვეობიდან უფრო მეტი ადამიანის დასახსნელად. იმავე ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს Associated Press-იც. 

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები