ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

AP: აშშ ისრაელს ურჩევს, სახმელეთო შეტევა გადადოს, რათა ჰამასის მეტი მძევალი გაათავისუფლონ

ბაიდენის შეხვედრა ისრაელის ომის კაბინეტთან, რომელსაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ უხელმძღვანელა, 2023 წლის 18 ოქტომბერი
Haim Zach/GPO

აშშ-მ ისრაელს უთხრა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციის წამოწყების გადადების შემთხვევაში, ვაშინგტონს მეტი დრო ექნება რეგიონში პარტნიორებთან სამუშაოდ, რათა ჰამასის ტყვეობიდან უფრო მეტი ადამიანი დაიხსნას. ინფორმაციას Associated Press-ი საკითხში გარკვეულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალურმა პირმა, რომელიც გამოცემას ანონიმურობის დაცვით ესაუბრა, თქვა, რომ გასულ კვირაში ჰამასის მძევალი 2 ამერიკელის გათავისუფლება სწორედ კატარის შუამავლობით გახდა შესაძლებელი. მანვე დასძინა, რომ მძევლების ღაზიდან გამოყვანას დრო სჭირდება, თუმცა, უცნობია, რამდენად იმოქმედებს ისრაელელი მაღალჩინოსნების გეგმებზე აშშ-ს რჩევა.

ჰამასმა ორი ამერიკელი მძევალი 20 ოქტომბერს გაათავისუფლა. აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეობის მქონე დედა-შვილი ტერორისტებმა 7 ოქტომბერს გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს.

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებით, ისრაელის სამხედროები ჯუდით და ნატალი რაანანს ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვართან დახვდნენ, რის შემდეგაც ისინი ოჯახის წევრებთან შესახვედრად სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები