ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ერდოღანმა ჰამასის ლიდერს ღაზაში დაჭრილების თურქეთში მკურნალობისთვის მზაობა დაუდასტურა

ერდოღანსა და ჰამასის პოლიტბიუროს თავმჯდომარეს, ისმაილ ჰანიეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ოფისი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთმა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ღაზაში დაჭრილები შეიფაროს და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს.

"პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების ღაზაში გაგზავნაზე, საჭიროების შემთხვევაში დაშავებულების თურქეთში მკურნალობაზე და რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რაც შეიძლება მალე მიღწევაზე". - წერს ერდოღანის ოფისი X-ზე. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ჰამასის მიერ ღაზის სექტორში გადაყვანილ ისრაელელ მძევლებზე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 20 ოქტომბერს თურქეთის მმართველი პარტიის წევრმა, სულეიმან სეზანმა ისრაელს "მსოფლიოს ყველა უბედურების გამომწვევი" უწოდა.

"სიონისტებს, ისრაელს, ებრაელებს სამყაროსთვის არეულობა მოაქვთ, ისინი მსოფლიოს ყველა უბედურების გამომწვევები არიან". - თქვა სეზანმა თურქეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები