ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ლონდონში პროპალესტინურ დემონსტრაციაზე 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა – პოლიცია

პრო-პალესტინური დემონსტრაციის მონაწილეები ლონდონში, 2023 წლის, 21 ოქტომბერი
Wiktor Szymanowicz/Anadolu/Getty Images

ლონდონის პოლიციის დათვლით, ქალაქის ცენტრში გამართულ პროპალესტინურ დემონსტრაციაზე 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

"14:00 საათზე, ჩვენი დათვლებით, დემონსტრანტების რიცხვი 100 000-მდეა". - დაწერა დედაქალაქის პოლიციამ სოციალურ ქსელში და გაავრცელა ვერტმფრენიდან გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი რჩება ვაითჰოლის ქუჩის მიმდებარედ, სადაც ბევრი სამთავრობო შენობაა განთავსებული.

ლონდონში ისრაელის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას 14 ოქტომბერსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ დემონსტრაციამდე პოლიციამ საზოგადოება გააფრთხილა, რომ ჰამასის ნებისმიერი მხარდამჭერი, შესაძლოა, დააკავონ.

მიმდინარე კვირაში პროპალესტინური დემონსტრაციები სხვა ქვეყნებშიც გაიმართა. მათ შორის, საფრანგეთში, აშშ-ში, ეგვიპტეში, იორდანიაში, ლიბანში, ერაყსა და იემენში.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები