ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია აყვანილი მძევლის ვიდეოს ავრცელებს

მუსიკის ფესტივალი ისრაელში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის თავდასხმის შემდეგ
Sergey Ponomarev for The New York Times

ჰამასმა 16 ოქტომბერს პირველად გამოაქვეყნა ისრაელიდან მძევლად აყვანილი პირის ვიდეო

ვიდეოში ჩანს 21 წლის მია შემი, რომელიც ჰამასმა მუსიკის ფესტივალიდან ისრაელზე თავდასხმის დროს აიყვანა მძევლად. 

60-წუთიან ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უწევს ექიმი მიას სამედიცინო დახმარებას იმ დაზიანებებზე, რომელიც ჰამასმა მას თავდასხმის დროს მიაყენა. 

"მე მივლიან და მედიკამენტებს მაძლევენ. ერთადერთი რაც მინდა სახლში, ოჯახთან, მშობლებთან და დედმამიშვილებთან სწრაფად დაბრუნებაა. გთხოვთ, აქედან რაც შეიძლება სწრაფად გამიყვანეთ". – ამბობს მია შემი ჰამასის მიერ გავრცელებულ პროპაგანდისტულ ვიდეოში. 

ისრაელის არმიის თქმით, ვიდეოში ჰამასი ცდილობს თავი "ჰუმანიტარულ ორგანიზაციად წარმოაჩინოს, მაგრამ სინამდვილეში ისინი მკვლელ ტერორისტთა ჯგუფია, რომელიც ბავშვების, ქალებისა და მოხუცების მკვლელობასა და გატაცებაზეა პასუხისმგებელი".

მია შემი ერთ-ერთია იმ 200 მძევალს შორის, რომელიც ჰამასმა ტერორისტული თავდასხმის დროს აიყვანა. 

ისრაელის სამძებრო-სამაშველო სამსახურის, ZAKA-ს ინფორმაციით, მუსიკის ფესტივალის ადგილას, სადაც ტერორისტები მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს, 260 ცხედარია ნაპოვნი.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები