ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პასუხისმგებლობა ჩემზეა, სათანადო გაფრთხილება ვერ შევძელით - ისრაელის უსაფრთხოების მეთაური

Avshalom Sassoni/Flash90

ისრაელის გენერალური უსაფრთხოების სამსახურის, შინ ბეთის ხელმძღვანელის, რონენ ბარის თქმით, ის პირადად არის პასუხისმგებელი, რომ არ მოხდა წინასწარ გაფრთხილება 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის სასიკვდილო თავდასხმის შესახებ.

"ჩვენს მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, სამწუხაროდ, შაბათს ვერ შევძელით შესაბამისად გაფრთხილება, რაც თავდასხმის აღკვეთის საშუალებას მოგვცემდა. [...] რადგან მე ორგანიზაციის მეთაური ვარ, პასუხისმგებლობა ჩემზეა... გამოძიების დრო მოვა. ახლა ვიბრძვით". - წერს რონენ ბარი შინ ბეთის  წევრებისადმი გაგზავნილ წერილში.

7 ოქტომბრის თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, თავდაცვის უწყებამ შენიშნა უჩვეულო მოძრაობა ღაზის სექტორში, რასაც მოჰყვა გვიან ღამით სატელეფონო ზარი მაღალჩინოსნებს შორის, მაგრამ აღნიშნული ნიშნები ძირითადად უარყოფილი იყო.

მიუხედავად ამისა, ებრაულენოვანი მედიის ცნობით, ბარი მივიდა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში და ღაზის საზღვრებზე მცირემასშტაბიანი თავდასხმის მოლოდინში მცირე გუნდის განლაგების ბრძანება გასცა.

ორგანიზაციის ცნობით, 7 ოქტომბერს თავდასხმების დროს Shin Bet-ის სულ მცირე 10 წევრი დაიღუპა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები