ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის კიბუცებში ნაპოვნი ცხედრების 80%-ს წამების კვალი ეტყობა

ისრაელის ერთ-ერთი კიბუცი
Sky News

ბრიტანული გამოცემა Sky News-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ჰამასის ტერორისტები ისრაელში 7 ოქტომბერს შეიჭრნენ, კიბუცებში დღემდე ეძებენ უდანაშაულო მოსახლეობის ცხედრებს. ისრაელის მოხალისეობრივი ორგანიზაცია Zaka კიბუცებში სამძებრო-სამაშველო საქმიანობაშია ჩართული.

მათი თქმით, ასეთი რამ არასდროს უნახავთ და ჰამასის მიერ გამოვლენილმა სისასტიკემ მთელი გუნდის მოლოდინებს გადააჭარბა.

ორგანიზაციის წევრების თქმით, "ცხედრების დაახლოებით 80% ნაწამებია, ვსაუბრობთ როგორც ბავშვებზე, ასევე ზრდასრულებზე…"

ერთი კვირის წინ Zaka იუწყებოდა, რომ 10 ოქტომბერს ღაზის საზღვართან მდებარე კიბუც ბეერში 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს.

დღევანდელი ინფორმაციით, "კფარ აზასა და ბეერის კიბუცებში ჯამში 280 ცხედარი, 280 მოკლული" არის ნაპოვნი.

ორგანიზაციის თქმით, ჰამასის სასტიკი ქმედებები გარემოებების მიხედვით იცვლებოდა. 

7 ოქტომბერს ნეგევის უდაბნოში, კიბუც რე-იმთან ახლოს, ებრაული დღესასწაულის სუკოტის აღსანიშნავად ნოვას მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა, რომელსაც ჰამასის ტერორისტები დაესხნენ თავს. ამჟამინდელი ინფორმაციით, ფესტივალზე ტერორისტებმა 260 ადამიანი მოკლეს. 

Zaka-ს თქმით, "ფესტივალზე ნაპოვნ ცხედრებს წამების კვალი არ ეტყობოდათ - არ უწამებიათ, რადგან ყველაფერი გაშლილ ველზე მოხდა და მათ ამის დრო არ ჰქონდათ".

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათი ჯგუფის წევრები უკვე განიცდიან ფსიქოლოგიური სტრესის შედეგებს. 

გუშინ, 15 ოქტომბერს CNN-თან ინტერვიუში იცხაკ ჰერცოგმა აჩვენა წიგნი, რომელსაც ჰამასის მოკლული ტერორისტი თან ატარებდა. ჰერცოგის თქმით, წიგნში ახსნილია, თუ როგორ უნდა შეიჭრას ჰამასის ტერორისტი ისრაელში, ასევე მოცემულია მოსახლეობის მოტაცებისა და წამების ინსტრუქციები, რაც ჰამასის მიერ მოსახლეობაზე თავდასხმისას გამოვლენილ ქმედებებთან თანხვედრაშია.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები