დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის ერთ-ერთ კიბუცში 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს

კიბუც ბეერის მცხოვრები, რომლის ევაკუირებაც მოხერხდა
gil cohen-magen/Agence France-Presse/Getty Images

ისრაელის სამძებრო-სამაშველო მოხალისეობრივი ორგანიზაცია ZAKA-ს ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ღაზის საზღვართან მდებარე კიბუც ბეერში 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. 

“კიბუციდან ცხედრები მთელი დღის განმავლობაში გამოგვქონდა”, - თქვეს ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში ასევე განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე 108 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა კიბუცის ტერიტორია ჯერჯერობით სრულად არ არის გაწმენდილი. 

“დღეს მოხალისეები ბეერის კიბუცში შევიდნენ და იქ საზარელი სანახაობა დახვდათ - ზოგი გარდაცვლილი ზრდასრული იყო, ზოგიც - ბავშვი”, -  თქვა Zaka-ს წარმომადგენელმა.

სოფელი ბეერი ღაზის სექტორთან მდებარე პატარა სოფელია. ამ ეტაპზე ცნობილი დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, ჰამასელმა ტერორისტებმა მოსახლეობის 10% გაანადგურეს.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები