ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ვხედავთ ღაზის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ევაკუაციის ძლიერ ნაკადს

ღაზის ჩრდილოეთიდან და ცენტრიდან ხალხი სამხრეთით გადაადგილდება
Loay Ayyoub/The Washington Post/Getty Images

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის, პიტერ ლერნერის თქმით, მას შემდეგ, რაც ღაზის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს, ხედავენ, რომ ხალხის დიდი ნაკადი ღაზის ჩრდილოეთიდან და ცენტრიდან სამხრეთით გადაადგილდება. 

“ამჟამად ვმუშაობთ ტერიტორიის ევაკუაციის უზრუნველყოფაზე. ვხედავთ სამხრეთისკენ ევაკუაციის ძლიერ ნაკადს, რაც რეალურად კარგი რამ არის”. – თქვა ლერნერმა CNN-თან ინტერვიუში.

ღაზაში წარმოქმნილი ჰუმანიტარული პრობლემების საფუძველზე ისრაელის კრიტიკას ლერნერი პასუხობს, რომ ღაზის მოსახლეობის სამხრეთით ევაკუაციის ჩანაფიქრი სრულად ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს. მისივე თქმით, ამას აკეთებენ, რათა გააგრძელონ ჰამასსთან ბრძოლა.

“ჰამასმა ღაზის ქალაქი აქცია ციხე-სიმაგრედ, ბრუტალური მკვლელობის მექანიზმად. მათი იქ დარჩენა დაუშვებელია, ამიტომ უნდა ამოიძირკვონ. რაც ამას შემდგომ მოჰყვება, უპირველეს ყოვლისა, ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოება და უშიშროება იქნება”. – თქვა ლერნერმა. 

ამასთან, ლერნერი პასუხობს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების, მათ შორის გაეროსა და ჯანმოს, მხრიდან ევაკუაციისკენ მოწოდებების კრიტიკას.

“ერთი რამ, რისი თქმაც მსურს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, არის ეს: გამოიყენეთ თქვენი დაწესებულებები, უნარები და შესაძლებლობები, რათა ხალხის გადაადგილება სამხრეთით გაადვილოთ. არ უნდა დადგეთ ჰამასის გვერდით და თქვათ, “არა, დარჩით” ან “ეს შეუძლებელია”. ჰამასზე თავდასხმას განვაგრძობთ, სანამ არ დავამარცხებთ. მათ ეს ომი დაიწყეს, ჩვენ კი მას მოვიგებთ.” – თქვა ლერნერმა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები