ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბლინკენი: რასაც ისრაელი აკეთებს, შურისძიება კი არა, საკუთარი ხალხის სიცოცხლის დაცვაა

Karim Jaafar/AFP/Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ისრაელის სამხედრო ქმედებები არა სადამსჯელო, არამედ თავდაცვითი ხასიათისაა. 

"არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მოითმინოს, ჰყავდეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც შემოდის, ყველაზე ზღვარგადასული გზით ხოცავს მის ხალხს და ასე იცხოვროს.

რასაც ისრაელი აკეთებს, შურისძიება არ არის. რასაც ისრაელი აკეთებს, არის საკუთარი ხალხის სიცოცხლის დაცვა და, როგორც ვთქვი, ისრაელი ცდილობს იმაში დარწმუნდეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება". - თქვა ბლინკენმა.

როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყანა ისრაელის მსგავს სიტუაციაში დიდი ალბათობით იმავეს გააკეთებდა.

"ერთი რამ უდავოა: ჩვენ არ შეგვიძლია დავუბრუნდეთ იმ სტატუს-კვოს, რომელმაც შესაძლებელი გახადა ის, რაც მოხდა. ასე რომ, ეს აზროვნების ნაწილი უნდა იყოს და ასეც არის". - თქვა ბლინკენმა.

აქამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) აღნიშნეს, რომ ქვეითი ძალები და ტანკები დღეს ღაზის სექტორში შევიდნენ. მათივე თქმით, ისინი "ლოკალური რეიდის" ჩატარებას და ტერიტორიის პოტენციური ტერორისტებისგან გაწმენდას აპირებდნენ. 

IDF-მ ასევე აღნიშნა, რომ სამხედროებმა შეაგროვეს სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა დაკარგული და გატაცებული ადამიანების პოვნაში დაეხმაროთ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ამ რაიონში რამდენიმე ტერორისტი მოკლა.

მოგვიანებით, IDF-მ ასევე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ "ფართომასშტაბიანი" საჰაერო იერიშები მიაქვთ

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ისრაელი, სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები