ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბლინკენი საუდის არაბეთშია – ერთი დღის განმავლობაში ის 4 არაბულ ქვეყანას ეწვია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

აშშ-ს დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა. ის ერთ დღეში უკვე მეოთხე ახლოაღმოსავლურ ქვეყანას სტუმრობს.

ბლინკენმა დღე იორდანიაში, მეფე აბდულა მეორესთან შეხვედრით დაიწყო. მოგვიანებით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პალესტინის პრეზიდენტს, დასავლეთ სანაპიროს მმართველს, მაჰმუდ აბასსაც შეხვდა. შემდეგ ბლინკენი კატარში გაემგზავრა და რამდენიმე მაღალჩინოსანთან გამართა მოლაპარაკებები, მოგვიანებით კი ბაჰრეინის დედაქალაქში, მანამაში ჩავიდა, საიდანაც მალევე საუდის არაბეთში გადაფრინდა.

კვირას, 14 ოქტომბერს აშშ-ში დაბრუნებამდე, ბლინკენი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში ჩასვლასაც გეგმავს.

ბლინკენის თქმით, მისი ვიზიტების მთავარი მიზანია არაბულ ქვეყნებზე ზეწოლის მოხდენა, რათა მათ გამოიყენონ ბერკეტები ჰამასის მძევლების "დაუყოვნებლივ და უპირობო" გათავისუფლებისთვის და გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის, რომ კონფლიქტი სხვაგანაც არ გავრცელდეს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ისრაელი, სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

    კომენტარები