ნარკოდანაშაული

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, 59 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს. მათ შორის, ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია. 

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 

"პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება.

ასევე დაკავებულები არიან ის პირები, რომელთა მხილების მიზნით სამართალდამცველებმა მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად. ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის:მეთადონი, ალფა-პვპ, კოკაინი, კეტამინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა და მცენარე კანაფი და სხვა.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მათივე ცნობით, გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებიც ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5000-მდე პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 1000-მდე პირია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 85%-ით არის გაზრდილი.

კომენტარები