ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

25 ამერიკელი, 21 ტაილანდელი, 3 ჩინელი, 12 ფრანგი – ისრაელში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ნოვას ფესტივალის ტერიტორია ჰამასის თავდასხმის შემდეგ, 2023 წლის 10 ოქტომბერი
Jack Guez/AFP

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ისრაელში მოკლული ამერიკელების რიცხვი 25-მდე გაიზარდა. აქამდე სახელმწიფო დეპარტამენტს მხოლოდ 22 ამერიკელის დაღუპვა ჰქონდა დადასტურებული.

"ტრაგიკულად, ჰამასის საზარელ თავდასხმებს შეწირული უდანაშაულო ადამიანების რიცხვი კვლავ იზრდება. მათ შორის, ახლა ვიცით, რომ, სულ მცირე, 25 ამერიკელია მოკლული". - თქვა ბლინკენმა ისრაელის პრემიერ ბენჯამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ისრაელში მსხვერპლი იზრდება სხვა ეროვნების ადამიანებს შორისაც.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰამასის თავდასხმას 12 ფრანგი ემსხვერპლა, 17-ს კი ეძებენ. ამასთან, დღეს, 12 ოქტომბერს პარიზში ჩავა პირველი თვითმფრინავი, რომელიც ისრაელიდან ევაკუირებულ საფრანგეთის მოქალაქეებს ჩაიყვანს.

საკუთარი მოქალაქეების გაყვანაზე მუშაობს ესპანეთიც. საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელის თქმით, თელ-ავივიდან ესპანეთში უკვე 400 ადამიანი გადააფრინეს. მათ შორის ესპანეთის მოქალაქეებთან ერთად ევროპის სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებიც არიან.

ოფიციალური მადრიდი ინფორმაციას ავრცელებს ჰამასის მიერ მოკლული ესპანელის შესახებაც. პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის, პედრო სანჩესის ცნობით, ისრაელში ესპანეთის ერთი მოქალაქე, მაია ვილალობო დაიღუპა.

ისრაელში დაღუპულ მოქალაქეებზე ინფორმაციას ავრცელებს ჩინეთიც. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვანგ ვენბინის თქმით, ჰამასის თავდასხმას 3 ჩინელი ემსხვერპლა, ორს ეძებენ, კიდევ რამდენიმე დაშავებულია.

"მოვუწოდებთ უცხოელ პარტნიორებს, ყველაფერი იღონონ დაკარგულების ძებნისა და გადარჩენისთვის". - თქვა ვანგმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ჩინეთმა სიტუაციის დეესკალაციისკენ მოწოდება გაავრცელა, თუმცა ჰამასის ქმედებები ჯერ არ დაუგმია.

21-მდე გაიზარდა დაღუპული ტაილანდელების რიცხვი. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრემიერმა, სეტა თავისინმა გაავრცელა. მანვე დასძინა, რომ ტაილანდი საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ალტერნატიულ გზებს ეძებს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში დაახლოებით 30 000 ტაილანდელია სამუშაოდ ჩასული. ასობით მათგანი სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს.

დაღუპულ უცხოელებს შორის არიან, სულ მცირე, 7 არგენტინელი, 4 რუსი, 2 უკრაინელი და თითქმის ყველა კონტინენტის სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში ჰამასის ტერორისტების თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვმა 1 200-ს გადააჭარბა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები