დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

"კონფლიქტის მოგვარების გზა პალესტინის აღიარებაა" - ჩინეთი და რუსეთი შეშფოთებას გამოხატავენ

ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერები

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ კონფლიქტის მოგვარების გზა ორი სახელმწიფოს დაფუძნება და პალესტინის აღიარებაა.

"მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.

კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი ორი სახელმწიფოს დაფუძნება და პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებაა." - წერია განცხადებაში.

ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოხატა რუსეთმაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ მხარეებს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებთ პალესტინისა და ისრაელის მხარეებს დაუყონებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, უარი თქვან ძალადობაზე, გამოიჩინონ საჭირო თავშეკავება და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით დაიწყონ მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ხანგრძლივი და დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის დამყარებას. ახლო აღმოსავლეთში." - ამბობს ზახაროვა.

მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.

კომენტარები