ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰერცოგი: მგლოვიარე ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ხანგრძლივი სამხედრო კამპანიისთვის ემზადება

ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის თქმით, ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ხანგრძლივი სამხედრო კამპანიისთვის ემზადება. ამის შესახებ ჰერცოგმა იერუსალიმში, პრეზიდენტის სასახლეში ისაუბრა.

"ჩემი ერი გლოვობს. ტრაგედიამ ისრაელის თითქმის ყველა სახლში შეაღწია. ჰამასის წინააღმდეგ ხანგრძლივი და გამომფიტავი კამპანია იწყება, რაც ფაქტობრივად ISIS-ის წინააღმდეგ ხანგრძლივ და გამომფიტავ კამპანიას გულისხმობს". - თქვა ჰერცოგმა.

გარდა ამისა, ისრაელის პრეზიდენტმა ბრიფინგზე მისულ ჟურნალისტებს ჰამასის მიერ მოტაცებული ბავშვების და ახალშობილების ფოტოები აჩვენა. ამავდროულად, ჰერცოგის თქმით, ტერორისტებმა ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანები მოკლეს, მთელი ოჯახები ამოხოცეს და ცეცხლი წაუკიდეს.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ ქიფურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები