ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰერცოგი: ისრაელი ღაზის სექტორთან ახლოსმდებარე ქალაქებს უსაფრთხოების განცდას დაუბრუნებს

ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი ღაზის სექტორიდან 1 კილომეტრში მდებარე ქალაქ სერდოტში
Haim Zach/GPO

ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ღაზის სექტორიდან 1 კილომეტრში მდებარე ქალაქ სდეროტში ჩავიდა ადგილზე მომუშავე ადამიანებს, მათ შორის, მოხალისეებს, სამხედროებს, პოლიციელებსა და ექიმებს მადლობა გადაუხადა. ამავდროულად, ჰერცოგმა პირობა დადო, რომ ისრაელი ღაზის სექტორთან ახლოსმდებარე ქალაქებს უსაფრთხოების განცდას დაუბრუნებს.

"რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, ამ ერის წარმოუდგენელი გმირობაა, ერის, რომელიც დასვენების დღეს მომხდარი თავდასხმიდან აღდგა. აქ ვხედავთ მოხალისეებს, სამხედროებს, პოლიციის ოფიცრებს, ექიმებს, სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებს, ყველას ერთად – გაერთიანებულებს. მსურს მივმართო ისრაელის ხალხს – ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენი ხალხის სიმამაცის დამსახურებით". - თქვა ჰერცოგმა.

ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ღაზას სექტორთან ახლოს მდებარე ქალაქების "აღდგენისა და რეაბილიტაციის პროცესი გრძელი იქნება და ისრაელის სახელმწიფოს უზენაესი ვალდებულებაა აღადგინოს ეს ტერიტორია, განავითაროს, გააძლიეროს და მისცეს აბსოლუტური უსაფრთხოება".


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები