იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

საშინელი კივილი გამოდიოდაო - აფხაზეთიდან დევნილი ქართველების ისტორიები გენოციდზე

ფორმულას ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში გავიდა აფხაზეთიდან დევნილების ოფიციალური ჩვენებები, რომლებიც მათ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიას  მისცეს. მასალა ტელევიზიას კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ მიაწოდა. 

ჩანაწერებში დევნილები არაერთ შემთხვევაზე საუბრობენ, როცა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ქართველებს სასტიკად გაუსწორდნენ.

"ჩემი ნათესავი მივიდა ბაბუას სანახავად, რომ შევიდა, ნახა - ბაბუა ძირს დავარდნილი იყო და ბებია საწოლშივე იყო მოკლული დანით. გაგრა რომ აიღეს, იმ ღამით შემოვიდნენ ჩემი კარის მეზობლის ოჯახში, ჩვენ შემთხვევით გადავრჩით, მე და დედაჩემი, შეიძლება, ჩვენს ოჯახშიც შემოსულიყვნენ, იმიტომ, რომ გამწარებული იყვნენ ქართველებზე. ამ ოჯახში რომ შევიდნენ, მათი შვილი ნახეს საბრძოლო მოქმედებების დროს - ეს ტანკზე იჯდაო, ამისი შვილი იყოვო და დახვრიტეს მამა, ვიქტორ ბედიანიშვილი. ცოლმა რომ შეიცხადა, მერე ცოლიც დახვრიტეს და ცეცხლი გაუჩინეს...

...ცოტა იქით, მოშორებით ცხოვრობდნენ, ქმარს გამოეკიდნენ აფხაზები, ქმარი იმალებოდა და ცოლი ჩვეულებრივად დადიოდა, მერე ეს ქალი აიყვანეს და ეს ქალი აწამეს, როგორ აწამეს, იცით? ამბობდნენ კარის მეზობლები, რომ საშინელი კივილი გამოდიოდაო, მერე წაიყვანეს და სადღაც დააგდეს გაგრისკენ, ბზიფის ხიდთან, თვალები არ ჰქონდა, ცხედარი რომ მოიტანეს, ძალიან დამახინჯებული იყო ეს ქალი...

...ძმა ხომ მოკლეს და მერე და, გასათხოვარი იყო ეს და, ეს გოგოც აწამეს და მე მგონი, შეურაცხყოფაც მიაყენეს ყველანაირი. ეს და-ძმანიც გაქრნენ.

კიდევ ერთი შემთხვევა, მეზობელი იყო, იაშვილი გვარად, თემური, დარაჯად მუშაობდა, გამოვიდა, რომ "სახლი მეწვის" და ეხვეწებოდა - რას აკეთებთ, რას ჩადიხართ, სახლი იწვის და მისი ცოლი ყვებოდა - ვიღაცამ მანქანა გააჩერა, ჩააგდეს და წაიყვანეს, გაქრა ესეც...

...რაზმაძეებიც ასე, სახლს ცეცხლი წაუკიდეს და ეს ცოლ-ქმარიც ასე გაქრნენ საერთოდ. სასტიკად გაუსწორდნენ გაგრის აღების დროს, იმდენი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ჩვენ გვითხრეს, ხეზე რომ იყოთ ასული, ჩამოგიყვანთ და ცოცხალს არ დაგტოვებთო" - ამბობს რუსული ოკუპაციის მსხვერპლი.


შემოუერთდით პეტიციას აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ.

კომენტარები