იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

აფხაზეთიდან დევნილი: სამი მოხუცი ჩაკეტეს სახლში და ცეცხლი წაუკიდეს

ჩემი მეზობელი ხანშესული ადამიანი იყო, დაახლოებით ესე 82 წლის, რომელთანაც მივიდნენ სახლში და ის იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. მას ჰყავდა ნაჩუქარი მანქანა და ესე უთხრეს, რომ ეს მანქანა უნდა წაეყვანათ. ამან უთხრა უარი. ისიც უთხრა, თქვენ რასაც აკეთებთ, ეს გერმანელებსაც არ გაუკეთებიათო. ამის გამო ჩაარტყეს ავტომატის კონდახი. თვითონ ვერ მოითმინა, ჯოხი ეჭირა და ჯოხი დაარტყა თვითონ ამ აფხაზს, ხე დაარტყა. ჯერ ცემეს, მერე დაჭრეს და თავის სახლში შიგნით ჩაკეტეს, სახლს მოუკიდეს და დაწვეს.

მეორე, ისიც მოხუცი იყო  აკაკი განგია, რომელსაც თვითონ ჰყავდა შვილიშვილები აფხაზები. გოგო ჰყავდა გათხოვილი  აფხაზზე.  ეს ყველაფერი უთხრა - "მე სიძე მყავს აფხაზი და შვილიშვილებიც" - ამ დროს ეს აფხაზები ომობდნენ ჩვენ წინააღმდეგ. ესეც ჩაკეტეს, დაჭრილი იყო ესეც, რაღაცნაირად გადაძვრა ფანჯრიდან, მაგრამ მაინც გარდაიცვალა ჭრილობისგან. 

ზურა ჯოლოგუა იყო ჩემი მოგვარე, ოქსენია...  მესამე არ მახსოვს - დღისით იმალებოდნენ ხოლმე და საღამოს გამოდიოდნენ ხოლმე, თითო-თითო რომ არ ყოფილიყვნენ, ერთად იკრიბებოდნენ ხოლმე. ერთი ასეთი შეკრების დროს ცეცხლი დაანთეს და ბოლი რომ ამოდიოდა სახლიდან, მიხვდნენ რომ ვიღაც იყო. შევიდნენ, მოხუცები კი იყვნენ, მაგრამ მაინც ჩაკეტეს კარები და სახლი დაწვეს. სამი ადამიანიც ჩაწვეს. 

ჩემს სოფელში ხდება ყველაფერი. კიდევ იყვნენ ორი ძმები, აღნაგობით იყვნენ ზდაროვი, ახოვანი ხალხი და ვერ გაუმკლავდებოდნენ. ორმა დაიჭირა და იარაღით წამოიყვანეს სკოლის შენობაში, სადაც ჰყავდათ ბევრი ხალხი დამწყვდეული, ასე ვთქვათ. ეს ორი გამოიყვანეს და ლურსმნიანი ფანერის რეიკები იყო, ასეთი  სად იპოვეს, ვერ გეტყვით. რომ ვერ მოერივნენ  ხელით, იმიტომ რომ წინააღმდეგობას უწევდნენ ესენი, აი, ამით მოკლეს და დატოვეს სკოლაში.  

კიდე იყო ერთი ახალგაზრდა ბიჭი, 32 წლის იქნებოდა მაშინ, ჩემი სოფლიდან იყო, მორგოშია, რომელიც სახლში დაიჭირეს და აწამეს, ჯერ ცემეს, მერე დაჭრეს და დატოვეს ბეღლის ქვეშ. მერე ამან სცადა, ცოცვა-ცოცვით გავიდა თავის ეზოდან. ესენი ხომ წავიდნენ, დატოვეს და მერე რომ მობრუნდნენ, სისხლის კვალი ნახეს და მიხვდნენ, რომ ცოცხალი იყო, ამ სისხლის კვალს გაჰყვნენ, მიუსწრეს სადღაც ერთ 200 მეტრში და იქვე მოკლეს. კიდევ იყო ქალი, რომელიც საძროხეში შეიყვანეს და იქვე გაუსწორდნენ, მოკლეს. 

ფორმულას ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში გავიდა აფხაზეთიდან დევნილების ოფიციალური ჩვენებები, რომლებიც მათ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიას  მისცეს. მასალა ტელევიზიას კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ მიაწოდა. 

ჩანაწერში დევნილები არაერთ შემთხვევაზე საუბრობენ, როცა ქართველებს რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები სასტიკად გაუსწორდნენ.

შემოუერთდით პეტიციას აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ.

კომენტარები