იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

აფხაზეთიდან დევნილი: დაგვიწყეს სროლა, ჩვენ ყველა ქართველი უნდა გავანადგუროთო

როცა სოხუმი დაეცა, 27-ში ჩვენ ვერ მოვასწარით გამოსვლა, ჩავრჩით სახლში. ჩემს სახლში კიდევ იმალებოდნენ მეზობლები... ვალოდია ტაბატაძე, სიმონია, იურა ახალია, ვიკენტი შუბითიძე, ლევანი შუბითიძე და ჩემი მეუღლე რამაზი ბენიძე და მამამთილი ლადო ბენიძე. ჩემთან ერთად იყო კიდევ ჩემი მეზობლის ქალი, ნელი ჭიტანავა, მეუღლე იყო ხასაია, ესენი ყველა ჩარჩენილი ვიყავით ჩემს ეზოში, ეზოში და სახლში.

28-ში, როცა სოხუმი დაეცა, გამთენიისას, შემოვარდნენ სახლში, ეს ყველა ხალხი გამოგვყარეს და მიგვაყენეს კედელთან, მეზობლის ღობესთან და უნდოდათ ჩვენი დახვრეტა, დაგვიწყეს სროლა... ჩემმა მამამთილმა უთხრა, რატომ გვესვრითო, ჩვენ არ გვიბრძოლია, არაფერიო...  არა, ჩვენ ყველა ქართველი უნდა გავანადგუროთო.

შეგვყარეს სახლში, შემოცვივდნენ კიდევ ბიჭები, რაც უნდოდათ, ოქრო, რა ვიცი, წაიღეს ყველაფერი, და ჩემმა მეუღლემ უთხრა - აგერ, რაც გინდათ, გამოიტანეთ და წაიღეთო. ამ მომენტში მე მეუღლემ მითხრა, რომ ესენი სანდო ხალხი არ იყო, გადახტი ფანჯრიდანო და მე და ჩემი მეზობელი, ნელი ჭიტანავა გადავხტით პირველი სართულიდან. წავედით გზაზე და რომ გადავედით უკვე მეზობლის ღობეზე, მომესმა სროლის ხმა.

ამ ჩემს მეზობლის ქალს ვუთხარი, მე მგონი, ნელი, ჩვენი ბიჭები დახოცეს-მეთქი. იქ იყო გვერდით მეზობელი ჩვენი, სომხები ცხოვრობდნენ და, აი, იქ დავიმალეთ ჩვენ. შემოვიდა სომხის კაცი, გრიშა. მე ვუთხარი, მე მგონი, ჩვენი კაცები მოკლეს და ნახე ერთი, ვინ არის მკვდარი-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ ის კაცი ჩამოვიდა და მე არ მითხრა პირადად და ამ ჩემს მეზობლის ქალს უთხრა, რომ რამაზი, გავიგე, მკვდარიაო და იქ კიდე ვერ შევედი სახლში, ხალხია კიდე დახოცილი, მაგრამ მე თვითონ შემეშინდაო და სახლს ცეცხლი უკიდიაო.

ჩემი მეუღლე გზაზე იყო მკვდარი, ჩემი და ჩემი მამამთილის კარიბჭის შორის გზაზე, და ის გამოუჩოჩიალებია, რომ ცეცხლი არ წაეკიდოსო. გზაზე იყო ზუსტად დაგდებული.

მე ახლა შემეშინდა, რა მექნა. მეზობლის ბიჭი, აი ,ამ ტაბატაძის ბიჭი მოვიდა და მეუბნება, რომ მანანაო, მე მივდივარო, მეშინიაო, მე სახლში ვიყავი, მამაჩემი რომ მოკლეს და შენ გიტოვებ, რომ იქნება, დამარხო ესენიო.

მე ვუთხარი, რომ კარგი, შენ წადი და მე აქ მაინც ვრჩები-მეთქი და ამ მეზობლის მამა, ვალოდია ტაბატაძე, ლევანი შუბითიძე და ჩემი მეუღლე, სამივე ერთად ცელოფანში გავახვიე და ღობის ძირში, ჩემი მეზობლის ღობის ძირში დავმარხე.

მამამთილი — ძებნა რომ დავიწყე მისი დამწვარი სხეულის, მაშინ გული წამივიდა, ცუდად გავხდი, გამომათრიეს და უკვე აღარ მახსოვს.

ფორმულას ეთერში გავიდა აფხაზეთიდან დევნილების ოფიციალური ჩვენებები, რომლებიც მათ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიას მისცეს. მასალა ტელევიზიას კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ მიაწოდა.

ჩანაწერში დევნილები არაერთ შემთხვევაზე საუბრობენ, როცა ქართველებს რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები სასტიკად გაუსწორდნენ.

შემოუერთდით პეტიციას აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ.

კომენტარები