ე.წ. გადატრიალების საქმე

კობახიძე: აშშ-ის საელჩოს განცხადება აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი იყო

ირაკლი კობახიძე
იმედი

"ეს იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის" - ასე აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაწყებულ გამოძიებაზე. სუს-ის მტკიცებით, USAID-ის დაფინანსებით, სერბული ორგანიზაცია CANVAS-ი საქართველოში ახალგაზრდებს ამზადებს რევოლუციის მოსაწყობად, რასაც აშშ-ის საელჩო "მცდარ ბრალდებებს" უწოდებს.

"წავიკითხე საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკაავშირებით, გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს არის  აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება, იმის მაგივრად, გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისგან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციის მომზადებასთან, ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად განსხვავებული გაცხადება, რაც შემაშფოთებელია.

ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, არ უნდა რევოლუცია და ის უბედურება, რაც მაგალითად, რევოლუციამ მოუტანა იგივე მეგობარ ქვეყანა უკრაინას, ეს არ უნდა საზოგადოებას და საზოგადოების მოლოდინია, რომ საელჩოსგან ამ შემთხვევაში, მოისმინოს განსხვავებული პოზიცია, პოზიცია, რომ მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, თუმცა, გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის" - ამბობს ირაკლი კობახიძე.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის 29 სექტემბრის განცხადების მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საბოლოო პასუხი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და დესტაბილიზაციის ორგანიზატორებს აქვთ გათვლა, რომ პასუხი იქნება უარყოფითი და ამის ნიადაგზე შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არეულობის დაწყება.

სუს-ის მტკიცებით, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, გამოიყენება ორგანიზაცია CANVAS საქართველო, რომლის ბირთვსაც, სუს-ის მტკიცებით, ორგანიზაცია ოტპორი წარმოადგენს.

იმავე დღეს, ორგანიზაცია CANVAS - საქართველოს დირექტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი მელაძემ თქვა, რომ ისინი არანაირ გადატრიალებას არ გეგმავენ და სუს-ის მიზანი აქტიური ადამიანების დაშინებაა.

2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სერბეთის მოქალაქეები - სინისა სიკმანი, ელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ოთხი დღის განმავლობაში თბილისში სასტუმრო იბისიში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება". სუს-ის ინფორმაციით, სერბული ორგანიზაცია CANVAS საქართველოს წევრები საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ. სუს-ის მტკიცებით, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში გადატრიალების ორგანიზებასთან, მათივე განცხადებით, იკვეთება კავშირები ვარდების რევოლუციასთანაც.

კომენტარები