ე.წ. გადატრიალების საქმე

ე.წ გადატრიალების საქმის ფარგლებში სუს-მა გამოკითხვაზე ფორმულას ფოტოგრაფიც დაიბარა

ფორმულას ფოტოგრაფი ვახო ქარელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ტელეკომპანიის ცნობით, საქმე ეხება ე.წ გადატრიალების საქმეს. კერძოდ, ვახო ქარელი ესწრებოდა სემინარს, რომელზეც, სუს-ის მტკიცებით, სერბეთის მოქალაქეები ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება". 

სუს-ში უკვე გამოკითხეს ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები, მათ შორის სერბეთის მოქალაქეები. ასევე, ადგილობრივი ორგანიზაციის დირექტორი გიორგი მელაძე და ორგანიზაციის წევრი ნინი გოგიბერიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის 29 სექტემბრის განცხადების მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საბოლოო პასუხი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და დესტაბილიზაციის ორგანიზატორებს აქვთ გათვლა, რომ პასუხი იქნება უარყოფითი და ამის ნიადაგზე შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არეულობის დაწყება.

სუს-ის მტკიცებით, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, გამოიყენება ორგანიზაცია CANVAS საქართველო, რომლის ბირთვსაც, სუს-ის მტკიცებით, ორგანიზაცია ოტპორი წარმოადგენს.

იმავე დღეს, ორგანიზაცია CANVAS - საქართველოს დირექტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი მელაძემ თქვა, რომ ისინი არანაირ გადატრიალებას არ გეგმავენ და სუს-ის მიზანი აქტიური ადამიანების დაშინებაა.

2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სერბეთის მოქალაქეები - სინისა სიკმანი, ელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ოთხი დღის განმავლობაში თბილისში სასტუმრო იბისიში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება". სუს-ის ინფორმაციით, სერბული ორგანიზაცია CANVAS საქართველოს წევრები საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ. სუს-ის მტკიცებით, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში გადატრიალების ორგანიზებასთან, მათივე განცხადებით, იკვეთება კავშირები ვარდების რევოლუციასთანაც.

იმავე დღეს, CANVAS - საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ბრალდებებს გამოეხმაურა და გაავრცელა განცხადება, სადაც სუს-ის ქმედებებს ზეწოლად აფასებს. მათივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები CANVAS-ის ხელმძღვანელს, გიორგი მელაძეს წარსულშიც დამუქრებიან.

კომენტარები