ე.წ. გადატრიალების საქმე

სუს: ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები თბილისში ხელისუფლების დამხობის მასტერკლასებს ატარებდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორგანიზაცია CANVAS-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის დეტალები გაასაჯაროვა. სუს-ის განცხადებით, სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, ელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ოთხი დღის განმავლობაში თბილისში სასტუმრო იბისიში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება". სუს-ის ინფორმაციით, სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ. სუს-ის მტკიცებით, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან სერბეთში, უკრაინსა და სხვა სახელმწიფოებში გადატრიალების ორგანიზებასთან, მათივე განცხადებით, იკვეთება კავშირები ვარდების რევოლუციასთანაც.

 “აღნიშნული ჯგუფების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისათვის ტრენინგების ჩატარება სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ მათი საქართველოში ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ. გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნის, ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს. აგრეთვე მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავების პროცესისთვის და ამ დროს წინააღმდეგობის გაწევისთვის” - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. 

სუს-ის ცნობით, სინისა სიკმანმა, სლობოდან ჯინოვიჩმა და ელენა სტოისჩმა საქართველო 2023 წლის 30 სექტემბერს დატოვეს და საბერძნეთში გაემგზავრნენ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის 29 სექტემბრის განცხადების მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საბოლოო პასუხი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და დესტაბილიზაციის ორგანიზატორებს აქვთ გათვლა, რომ პასუხი იქნება უარყოფითი და ამის ნიადაგზე შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არეულობის დაწყება.

სუს-ის მტკიცებით, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, გამოიყენება ორგანიზაცია CANVAS-ი, რომლის ბირთვსაც, სუს-ის მტკიცებით, ორგანიზაცია ოტპორი შეადგენს.

იმავე დღეს, ორგანიზაცია კანვასის დირექტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი მელაძემ თქვა, რომ ისინი არანაირ გადატრიალებას არ გეგმავენ და სუს-ის მიზანი აქტიური ადამიანების დაშინებაა.

კომენტარები