აზერბაიჯანი-სომხეთი

აზერბაიჯანმა 300-ზე მეტ "სომეხ სეპარატისტზე" საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანის მთავარი პროკურორი, კამრან ალიევი

ყარაბაღის ომებთან და ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოქმედების პერიოდებთან დაკავშირებით წამოწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 300-ზე მეტი "სომეხი სეპარატისტი" ძებნილად გამოაცხადა.

ადგილობრივი მედიის, Haqqin.az-ის ცნობით, აზერბაიჯანის მთავარმა პროკურორმა, კამრან ალიევმა ძებნილ სომხებს მიმართა და მათ ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყარაბაღის კონფლიქტის დაწყების შემდეგ სომეხი სეპარატისტების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული დააზუსტა".

"ჩვენ შევაგროვეთ მტკიცებულებები ამ დანაშაულებთან დაკავშირებით. სულ სისხლის სამართლის 300 საქმეა აღძრული. საერთაშორისოდ ძებნილად 300-ზე მეტი დამნაშავეა გამოცხადებული. ამ საქმეებზე მტკიცებულებები გვაქვს". - თქვა ალიევმა.

ამ კვირაში აზერბაიჯანმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რამდენიმე ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირი დააკავა. მათ შორის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ბაბაიანი.


რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა.

28 სექტემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ე.წ რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. დღეისათვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში უკვე ჩავიდა 100 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი.

კომენტარები