მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ლტოლვილების შედინების გამო სომხეთი ევროკავშირის დახმარებას ითხოვს - იტალიის პრემიერი

ყარაბაღელი ლტოლვილები სომხეთში, 29 სექტემბერი, 2023
REUTERS/Irakli Gedenidze

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯა მელონის თქმით, ყარაბაღელი ლტოლვილების შემოდინების გამო სომხეთი დახმარებას ითხოვს

"სომხეთი ევროკავშირისგან დროებითი თავშესაფრებისა და მედიკამენტების სახით დახმარებას ითხოვს." – წერია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

მისივე თქმით, რომი რეგიონში სტაბილიზაციის ხელშეწყობაზე მუშაობს. 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) 29 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, სომხეთში 88 700 ლტოლვილია. 

მანამდე, აზერბაიჯანის ელჩი დიდ ბრიტანეთში, ელინ სულეიმანოვი ამბობდა, რომ სომხებმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია არ უნდა დატოვონ და მათ თავიანთ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებდა

"რა უნდა ქნას აზერბაიჯანმა? ჩვენ ვერავის ძალით ვერ დავტოვებთ, არ გვსურს ვინმე ძალდატანებით დავტოვოთ, მაგრამ არავის მოვუწოდებთ წასვლისკენ" - თქვა ელინ სულეიმანოვმა. 

28 სექტემბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩებოდა.

"ანალიზი აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება. ეს არის ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის პირდაპირი აქტი, რაზეც დიდი ხანია, ვესაუბრებით საერთაშორისო საზოგადოებას. მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეების განცხადებები, რომლებიც გმობენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას, მაგრამ თუ მათ არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაშინ ისინი განიხილება ისტორიისთვის მხოლოდ მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად". - თქვა ფაშინიანმა.


შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს აზერბაიჯანულმა თავდაცვის ძალებმა მთიან ყარაბაღში "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყეს

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა. 

28 სექტემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ე.წ რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს.

კომენტარები