აზერბაიჯანული გამოცემა APA წერს, რომ 18 დეკემბრიდან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დღის წესრიგის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების პირველი პარტია გაიგზავნება.
APA იუწყება, რომ 28 ნოემბერს ქალაქ გაბალაში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერმინისტრების მოადგილეებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დღეს SOCAR-ს მიერ წარმოებული AI-95 მარკის ბენზინის 22 ვაგონი გაიგზავნება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტს მხოლოდ კომერციული ხასიათი აქვს და ბენზინი საერთაშორისო საბაზრო ფასების შესაბამისად გაიყიდება.
ცნობისთვის, 8 დეკემბერს ივანიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ მოხდება.
აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ბოლო თვეების განმავლობაში ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობებში აშკარა დაძაბულობა გამოიკვეთა.
მედიის მიხედვით, საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანელი მძღოლების ხანგრძლივმა და განმეორებითმა შეფერხებამ ბაქოში გააჩინა განცდა, რომ თბილისი ვერ ან აღარ ცდილობს პრობლემის მოგვარებას.
ამასთანავე, აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ ყოველივე ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პრობლემასთან დაკავშირებით მხოლოდ ფორმალური განცხადებები კეთდებოდა.





