მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანი ყარაბაღის ე.წ. ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ტერორიზმის დაფინანსებაში სდებს ბრალს

საზღვარზე დაკავებულ მთიანი ყარაბაღის ე.წ. სახელმწიფო მინისტრს, რუბენ ვარდანიანს ტერორიზმის დაფინანსება და საზღვრის უკანონო კვეთა ედება ბრალად. 

აზერბაიჯანული პროკურატურის თქმით ვარდანიანმა 2022 წელს "ტერორისტული აქტებისა და დივერსიების მოწყობის მიზნით" უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი, რის შემდეგაც მთიან ყარაბაღში ფინანსურად ეხმარებოდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებიც "აწყობდნენ რეიდებს, რომელთა მსვლელობისას იღუპებოდნენ ადამიანები".

ვარდანიანს წინასწარი 4-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.


27 სექტემბერს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი სომხეთში გადასვლის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას და დაკავებული ვარდანიანის ფოტოს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

რუბენ ვარდანიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მინისტრი 2022 წლის ნოემბერში გახდა. 2023 წლის თებერვალში ის თანამდებობიდან მოხსნეს. რუსეთის მოქალაქე ვარდანიანი მსხვილი საინვესტიციო ჯგუფ Тройка диалог-ის დამფუძნებელია. გასული წლის სექტემბერში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის და საბოლოოდ გადასახლდება მთიან ყარაბაღში.

19 სექტემბერს აზერბაიჯანულმა თავდაცვის ძალებმა "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყეს. 

აქამდე ბაქო სეპარატისტული არცახის შეიარაღებულ ფორმირებებს ადანაშაულებდა გზების დანაღმვაში, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებოდნენ, ფორმირებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიპარნენ და ახმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე განათავსეს ნაღმი, რომლის აფეთქების შედეგად 19 სექტემბერს, 03:45-ზე ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამას გარდა, ბაქომ გაავრცელა ცნობა, რომ ასევე ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი პოლიციელი, რომლებიც "ტერორიზმის ადგილისკენ" მიდიოდნენ.

სეპარატისტები ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებდნენ.

20 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებენ, რადგან მიაღწიეს შეთანხმებას და სეპარატისტები დანებდნენ.

კომენტარები