ეძგვერაძეზე თავდასხმა

ეძგვერაძე: გამოძიების არ მჯერა, ეს ვიღაცა ჭანჭიკები რომ დააკავეს, დამკვეთი ვინ იყო?

ირაკლი ეძგვერაძე
ნენე დალაქიშვილი

ენმ-ს წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი ეძგვერაძემ თქვა, რომ თავდასხმა ხელისუფლების დაკვეთით შესრულდა და გამოძიებას არ ენდობა.

"მე და თქვენ ხომ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელიმე ფაქტს თუ მეტყვით, რომ გამოძიება ნორმალურად დამთავრებულიყო? ესენი ხომ ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებდნენ? ხომ შეუძლებელია ხელისუფლების დაკვეთის გარეშე ასეთი სპეცოპერაცია ჩაატარო? პირდაპირ საკრებულოს სხდომის დაპირისპირება გააგრძელეს". – თქვა ეძგვერაძემ.

ეძგვერაძე იხსენებს 2020 წლის სამაჟორიტარო არჩევნების პერიოდში მოწყობილ დარბევას, რომლის მსხვერპლიც თვითონაც იყო და აღნიშნავს, რომ 22 სექტემბრის თავდასხმაში იგივე პირები მონაწილეობდნენ.

"როგორ შეიძლება დავიჯეროთ ვიღაცა ზარნაძე რას იტყვის, როცა ადამიანები, რომლებიც ვიცანი, მთლიანად ჩართულები არიან მის კამპანიაში და უბინძურეს დავალებებს ასრულებენ. არ იცნობს არცერთს, ვინც იქ იყვნენ? შეხება არ აქვს? არ ეხმარებიან არჩევნებში? ნახეთ, მე რატომ არ მჯერა გამოძიების: ეს ვიღაც ჭანჭიკები და შემსრულებლები რომ დააკავეს, დამკვეთი ვინ იყო? მე ხომ ზუსტად ვიცი დამკვეთი ვინ იყო". – თქვა მან.

ეძგვერაძის თქმით, მას თავდასხმის თვითმხილველები და სხვა დაზარალებულები, რომლებსაც უკეთ ახსოვთ განვითარებული მოვლენები, ეუბნებიან, რომ მოძალადე ჯგუფი 40-ზე მეტი ადამიანისგან შედგებოდა. 

"მართლა გული მწყდება იმაზე, რომ ადამიანს ვერ იტანენ, ვისაც შეუძლია რამე გამარჯვება მოიპოვოს. ყველა არჩევნებზე ჩემი უბანი მე მოვუგე ქართულ ოცნებას. ამას ვერ იტანენ და მათი სამიზნე ამიტომ აღმოვჩნდი". – ამბობს ის. 


22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შინაგან სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც ეძგვერაძეზე თავდასხმაზე ინფორმაცია გავრცელდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. პარტიის ცნობით, დაკავებულები არიან ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი პოლიციამ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გლდანში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შედეგადაც ადგილიდან მიიმალნენ". - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" პუნქტით მიმდინარეობს. 

კომენტარები