სამხედრო გადატრიალება გაბონში

ევროპისთვის დიდი პრობლემაა – ბორელი გაბონში მომხდარ სამხედრო გადატრიალებაზე

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/Yves Herman/File Photo

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ბლოკის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გაბონში არსებული სიტუაციის განხილვას აპირებენ. მანვე დასძინა, რომ გადატრიალება, დადასტურების შემთხვევაში, რეგიონში მეტ არასტაბილურობას გამოიწვევს.

"თუ ეს დადასტურდა, ეს კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალებაა, რომელიც რეგიონში არასტაბილურობას ზრდის.

მთელი არეალი, დაწყებული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან, შემდეგ მალი, შემდეგ ბურკინა ფასო, ახლა ნიგერი, შესაძლოა გაბონი, ეს ძალიან რთული სიტუაციაა და მინისტრები ნამდვილად... კარგად უნდა დაფიქრდნენ რა ხდება იქ და როგორ შეგვიძლია ამ ქვეყნებთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკის გაუმჯობესება... ეს ევროპისთვის დიდი პრობლემაა". - თქვა ბორელმა ტოლედოში მიმდინარე ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას.

გაბონში 30 აგვისტოს სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს, საზღვრები ჩაკეტეს და არჩევნების შედეგები უარყვეს. 

ჯარისკაცებმა Gabon 24-ზე სატელევიზიო მიმართვა მას შემდეგ გააკეთეს, რაც, რამდენიმე წუთით ადრე, საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტ ალი ბონგოს მესამე ვადით გამარჯვება გამოაცხადა.

სამხედროებმა მიმართვის დროს თავი წარადგინეს, როგორც "ინსტიტუტების ტრანზიციისა და აღდგენის კომიტეტი". დაშლილად გამოაცხადეს მთავრობა, სენატი, ეროვნული ასამბლეა, საკონსტიტუციო სასამართლო და საარჩევნო კომისია.

ჯერჯერობით უცნობია, სად არის პრეზიდენტი ბონგო.

ეს 2020 წლიდან დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში მომხდარი მერვე გადატრიალებაა. ბოლოს სამხედრო ხუნტამ ძალაუფლება ნიგერში ჩაიგდო ხელში და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი დააპატიმრა.

კომენტარები