გაბონი

გაბონში სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს, არჩევნების შედეგები უარყვეს

გაბონელი სამხედროები გადატრიალებას აცხადებენ. 2023 წლის, 30 აგვისტო.
კადრი ვიდეოდან

გაბონში სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს

ჯარისკაცებმა სატელევიზიო მიმართვა მას შემდეგ გააკეთეს, რაც, რამდენიმე წუთით ადრე, საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტმა ალი ბონგომ მესამე ვადით გაიმარჯვა.

სამხედროებმა ტელეარხ Gabon 24-ზე გამოსვლის დროს თქვეს, რომ ისინი წარმოადგენენ მთელ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებს. მათი თქმით, არჩევნების შედეგები უარყოფილია. სამხედროებმა საზღვრები ჩაკეტეს და სახელმწიფო ინსტიტუტები დაშლილად გამოაცხადეს.

სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, გაბონის დედაქალაქში, ლიბრევილში ისმოდა სროლის ხმები, როგორც ამას Reuters-ის ჟურნალისტი იუწყება.

სამხედროებმა მიმართვის დროს თავი წარადგინეს, როგორც "ინსტიტუტების ტრანზიციისა და აღდგენის კომიტეტი". დაშლილად გამოაცხადეს მთავრობა, სენატი, ეროვნული ასამბლეა, საკონსტიტუციო სასამართლო და საარჩევნო კომისია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად არის პრეზიდენტი ბონგო.

"გაბონელი ხალხის სახელით... ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეცვა მშვიდობა, ამჟამინდელი რეჟიმის დასრულებით". – თქვეს სამხედროებმა მიმართვაში.

ეს 2020 წლიდან დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში მომხდარი მერვე გადატრიალებაა.

გაბონი OPEC-ის წევრი ქვეყანაა.

გაბონში ბონგოების ოჯახის ხელში ძალაუფლება 56 წლის განმავლობაში იყო. თავად ალი ბონგო პრეზიდენტი 2009 წლიდანაა. აქამდე პრეზიდენტი მისი მამა, ომარ ბონგო იყო. ბოლო არჩევნებზე კომისიამ გამოაცხადა, რომ ალი ბონგომ ხმების 64.27% მიიღო. საპრეზიდენტო და საპარლამენტო ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ გამოცხადდა კომენდანტის საათი და შეიზღუდა ინტერნეტზე წვდომა.

გაბონში სამხედრო გადატრიალება 2019 წელს სცადეს, როდესაც სამხედროებმა მცირე ხნით დაიკავეს სახელმწიფო რადიო სადგური. მას შემდეგ, რაც გადატრიალების სავარაუდო ორგანიზატორებიდან ორი ადამიანი მოკლეს და დანარჩენები დააკავეს, სიტუაცია დასტაბილურდა.  

კომენტარები