სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი თბილისში დაბრუნდა – ის იმპიჩმენტზე კითხვას არ პასუხობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში ვიზიტის შემდეგ თბილისში დაბრუნდა. ჟურნალისტის კითხვა, ელოდება თუ არა ის იმპიჩმენტს, პრეზიდენტმა უპასუხოდ დატოვა.

"თქვენ რას ელოდებით? კარგად ბრძანდებოდეთ". - ასე უპასუხა ზურაბიშვილმა ჟურნალისტს.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა და 6 სექტემბერს, პარიზში პრეზიდენტ მაკრონს შეხვდა. ზურაბიშვილის თქმით, მაკრონთან საქართველოს მომავალ ევროპულ კანდიდატურაზე სასარგებლო საუბარი შედგა.

ასევე, 1 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, 31 აგვისტოს კი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტს 10 ქვეყანაში დაგეგმილ ვიზიტებზე უარი უთხრა. ქართული ოცნების განცხადებით, მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის ვიზიტები საქართველოს კონსტიტუციას არღვევს და მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

კომენტარები