კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთშია. საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ ემანუელ მაკრონს პარიზში შეხვდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატურაზე" - ამბობს ზურაბიშვილი ვიდეოში.

ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს დაუდასტურა "სრული მხარდაჭერა დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართულებით". მისი თქმითვე, ხედავს, რომ ქართველი ხალხის მომავალი ევროპულია.

"მე დღეს პარიზში მქონდა ძალიან კარგი დისკუსია, როგორც ყოველ ჯერზე, ქალბატონ პრეზიდენტთან, რომელთან შეხვედრაც ძალიან მახარებს.

ცხადია, ვისაუბრეთ საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. მე მას დავუდასტურე სრული მხარდაჭერა დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართულებით და მე ვხედავ, რომ ქართველი ხალხის მომავალი ევროპულია" - თქვა მაკრონმა.

"საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად" სალომე ზურაბიშვილი ევროპის ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ვიზიტი ბერლინში, გერმანელ კოლეგასთან გამართა, შემდეგ კი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტს 10 ქვეყანაში დაგეგმილ ვიზიტებზე უარი უთხრა. ქართული ოცნების განცხადებით, მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის ვიზიტები საქართველოს კონსტიტუციას არღვევს და მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

კომენტარები