ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

"დღეს გურია ივანიშვილისა და ჩიგოგიძის ოლიგარქიული ინტერესების მსხვერპლია" – ენმ

ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს, 3 სექტემბერს ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც პარტიის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ენმ-ში ამბობენ, რომ დღეს გურია ბიძინა ივანიშვილისა და ჩოხატაურის მაჟორიტარის, ვასილ ჩიგოგიძის ოლიგარქიული ინტერესების მსხვერპლია.

"დღეს ჩოხატაურში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს საინფორმაციო ბროშურების დარიგების გამო დაესხნენ თავს, სადაც აღნიშნულია ის მძიმე რეალობა, რომელიც როგორც გურიაში, ისე მთელ საქართველოში დგას. სამწუხაროდ, დღეს გურია ბიძინა ივანიშვილისა და მისი ადგილობრივი მინიგარქის, ვასილ ჩიგოგიძის ოლიგარქიული ინტერესების მსხვერპლია. გასაკვირი არაა, რომ ბატონი ჩიგოგიძე და მისი გარემოცვა გურულების ყოველდღიური პრობლემების გამოსწორებაზე მუშაობის ნაცვლად, ჩოხატაურის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ნოდარ დუმბაძის მშობლიურ ქალაქში, მწერლის სახელობის სკვერს საკუთარი ბიზნეს ინტერესების დასაკმაყოფილებლად ყიდიან. 

ჩვენი პარტიის წევრებზე გახშირებული ფიზიკური თავდასხმების მიუხედავად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ უფრო აქტიურად აგრძელებს ბრძოლას როგორც გურიის, ისე მთელი საქართველოს რუსული ოლიგარქიული რეჟიმისგან გასათავისუფლებლად". - წერია ენმ-ის განცხადებაში.

ჩოხატაურში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი საინფორმაციო კამპანიის დროს მოხდა. პარტიის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ.

როგორც ოპოზიცია ამბობს, თავდასხმაში სწორედ ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვასილ ჩიგოგიძესთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ. ენმ-ის წევრების თქმით, ჩიგოგიძემ მათ იქ საკუთარი სამეგობრო, კრიმინალები დაახვედრა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

კომენტარები