ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ჩიგოგიძე ჩოხატაურის ინციდენტზე: შემთხვევით მოხდა, მე რა შუაში ვარ?

ვასილ ჩიგოგიძე

ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე დღეს, 3 სექტემბერს ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩიგოგიძის თქმით, მომხდარ ფაქტთან მას არანაირი კავშირი არ აქვს და დაპირისპირება "შემთხვევით" მოხდა.

"ბაზარში, მოსახლეობასთან შევიდნენ და ეს ინციდენტი შემთხვევით მოხდა, მე რა შუაში ვარ? ვერ გავიგე. მე მადანაშაულებენ იმიტომ, რომ შუბლზე ძარღვი არ აქვთ"". - ამბობს ჩიგოგიძე ტელეკომპანია ფორმულასთან სატელეფონო საუბარში.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისი გარემოცვიდან ადგილზე ვინმე იყო თუ არა, ან ინციდენტში მონაწილე პირებიდან ვინმეს თუ იცნობს, ჩიგოგიძემ უპასუხა, რომ ის მთელ გურიას იცნობს.

"მე მთელ ჩოხატაურსა და გურიას ვიცნობ, აქ ვარ გაზრდილი და ეს ხალხი მიყვარს". - თქვა ჩიგოგიძემ.

ვასილ ჩიგოგიძემ კომენტარი ნოდარ დუმბაძის სკვერთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომლის გაყიდვასაც ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებდა.

"რაღაც ბუკლეტი ჰქონდათ, რომელშიც წერია, რომ თურმე ნოდარ დუმბაძის პარკს ვამახინჯებთ. მთელი ცხოვრებაა, მე და ჩემი მეგობრები ამ სკვერს ვაკეთებთ და ვალამაზებთ. საკრებულოში წინადადება შემოიტანეს, საკრებულომ განიხილა და მერიას გადასცა. ამას მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან განიხილავს და თუ მათ აწყობთ, თავიანთ რაიონში, სკვერში მაკდონალდსს გააკეთებენ, პარკს გააკეთებენ თუ კაფეს ჩადგამენ - მთავარია, რომ სკვერი არ დამახინჯდეს და ყველაფერი გალამაზდეს. ამ საკითხზე ჩემი მიგდომა ეს არის". - თქვა ჩიგოგიძემ.

ჩოხატაურში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი საინფორმაციო კამპანიის დროს მოხდა. პარტიის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ.

როგორც ოპოზიცია ამბობს, თავდასხმაში სწორედ ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვასილ ჩიგოგიძესთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ. ენმ-ის წევრების თქმით, ჩიგოგიძემ მათ იქ საკუთარი სამეგობრო, კრიმინალები დაახვედრა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

კომენტარები