ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: ლევანს უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩავანაცვლეთ - ხმა მაინც არ მოგვცეს

მიხეილ სააკაშვილი TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში 2024 წლის არჩევნებამდე, ენმ-ს თავმჯდომარის პოსტიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომასა და მისი თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლებას იხსენებს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი "სვეცკების" ბაბლი იყო, რომლებიც ხაბეიშვილს ინგლისურის არცოდნას უწუნებდნენ. 

როგორც სააკაშვილი ამბობს, ხაბეიშვილი ინგლისურის მცონე ბოკუჩავათი ჩაანაცვლეს თუმცა, "სვეცკებმა" ხმა მაინც არ მისცეს".

"რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი "სვეცკი" ბაბლი დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ. ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივი ადამიანის ენით საუბარს, ხან რას, ხან რას. ჰოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპაში და ამერიკაში განათლება მიღებული თინა და "სვეცკებმა" ხმა მაინც არ მოგვცეს" - ამბობს სააკაშვილი. 

2024 წლის 8 ივნისს, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ს თავმჯდომარის პოსტს ტოვებდა და მას თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლებდა, მიზეზად კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

"მე მაქვს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. იცის საზოგადოებამ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები. ჩემთვის, ცხადია მძიმეა, თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, აკრძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას 2-3 თვის განმავლობაში, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც 4 თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, არ იყოს ყოველდღიურ საქმიანობაში, 24-საათიან მუშა რეჟიმში. შესაბამისად, ჩვენი გუნდის, ყველას გადაწყვეტილებით, თინასთან კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება." - თქვა ხაბეიშვილმა 2024 წლის 8 ივნისს.

კომენტარები