ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

"ენმ-სგან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და ხალხმა შესაბამისი პასუხი გასცა" – ჩოხატაურის მერი

ფორმულა

ჩოხატაურის მერი, დავით შარაშიძე დღეს, 3 სექტემბერს ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შარაშიძე ამბობს, რომ ენმ-ის მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი და ხალხმა მათ "შესაბამისი" პასუხი გასცა. 

"ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა. ის, რომ თითქოს იქ ქართული ოცნების წევრები განზრახ დააყენეს, ჩხუბი მოაწყვეს და ა.შ - არცერთი სიმართლეს არ შეესაბამება. ძალიან ბევრი ხალხი იყო, მთელი ჩოხატაური იქ გახლდათ და ყველამ კარგად იცის, რა როგორ მოხდა [...] ნაციონალური მოძრაობის ხალხი, თან არაჩოხატაურელები ჩვენთან, ჩოხატაურში ჩამოდიან და გვასწავლიან, რა როგორ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ კარგად ვიცით, ჩოხატაურისთვის რას გავაკეთებთ, ჩოხატაურს რა მოუხდება და მისთვის უკეთესი რა იქნება". - თქვა შარაშიძემ TV იმედთან საუბარში.

ჩოხატაურში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი საინფორმაციო კამპანიის დროს მოხდა. პარტიის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ.

როგორც ოპოზიცია ამბობს, თავდასხმაში ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვასილ ჩიგოგიძესთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ. ენმ-ის წევრების თქმით, ჩიგოგიძემ მათ იქ საკუთარი სამეგობრო, კრიმინალები დაახვედრა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები