BRICS-ის სამიტი

პუტინის გარდა BRICS-ის ყველა ლიდერი იოჰანესბურგშია

დღეს, 22 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში BRICS-ის სამიტი დაიწყო. პუტინის გარდა, ბლოკის ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერი - ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი, ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა, ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა - უკვე იოჰანესბურგშია.

COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ეს ბლოკის პირველი სამიტია, რომელიც ონლაინ რეჟიმში არ იმართება, თუმცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ, დაპატიმრების შიშით პუტინი მასში მხოლოდ ვიდეოზარის მეშვეობით მიიღებს მონაწილეობას.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ვირტუალური ჩართვის მიუხედავად, ვლადიმირ პუტინი სამიტში სრულფასოვნად მიიღებს მონაწილეობას და სიტყვითაც წარდგება. გარდა ამისა, რუსეთს იოჰანესბურგში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სახით წარმომადგენელიც ჰყავს.

წლევანდელ სამიტზე განხილვის მთავარი თემა ბლოკის გაფართოება იქნება. სამხრეთ აფრიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, გაერთიანებაში, რომელში შემავალი ქვეყნებიც დედამიწის მოსახლეობის 40%-ს მოიცავენ და მსოფლიო ეკონომიკის 30%-ზე მეტზე არიან პასუხისმგებლები, გაწევრიანება სურს კიდევ 20-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის, ბელარუსს, საუდის არაბეთს, ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს.

BRICS-ის სამიტი ბლოკში გაწევრიანებული ქვეყნების - ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის - დასავლეთის წინააღმდეგ კავშირების გამყარებას ისახავს მიზნად. სამიტი 24 აგვისტოს დასრულდება.


19 ივლისს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინი იოჰანესბურგში გასამართ BRICS-ის სამიტს არ დაესწრებოდა. მოგვიანებით რუსულმა სახელმწიფო მედიამ დაწერა, რომ პუტინი სამიტს ვიდეოზარის საშუალებით შეუერთდებოდა.

მანამდე, 18 ივლისს გავრცელდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას სიტყვები, რომ პუტინის დაკავების შემთხვევაში მისი ქვეყანა რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე დადგებოდა.

რამაფოსამ გაფრთხილება სასამართლოსთვის ფიცით მიცემულ 32-გვერდიან წერილობით ჩვენებაში დაწერა. პროცესი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც სამხრეთ აფრიკის წამყვანი ოპოზიციური პარტიის, დემოკრატიული ალიანსის (DA) წევრებმა ქვეყნის აღმასრულებელი დედაქალაქის, პრეტორიას სასამართლოს პეტიციით მიმართეს, რათა პუტინი აგვისტოში BRICS-ის სამიტზე ჩამოსვლის შემთხვევაში დაეკავებინათ და ICC-ისთვის ჩაებარებინათ.

ჩვენებაში რამაფოსა ამტკიცებდა, რომ პუტინის დაკავების შემთხვევაში სამხრეთ აფრიკა რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობოს როლსაც დაკარგავს. აფრიკის სამშვიდობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტიც შედიოდა, უკრაინაში ივნისის თვეში ჩავიდა. თუმცა, უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, დელეგაციის მიზანი არა რეალური სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობების განხილვა, არამედ პუტინის დაკავების ორდერის შეჩერება იყო.

სამხრეთ აფრიკა, რომელიც რომის სტატუტის წევრია და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ მისი დაპატიმრების ვალდებულება ეკისრება, BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტის შეშვების და მისი დაკავების თავიდან აცილების სხვადასხვა გზას განიხილავდა.

მმართველმა პარტიამ, აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა 21 აპრილს რომის სტატუტიდან ქვეყნის შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით განხილვებიც კი დაიწყო. მაისის ბოლოს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკა აპირებდა კანონის შეცვლას, რათა თავად გადაეწყვიტა დააკავებდა თუ არა ICC-ის მიერ ძებნილ პირებს, მათ შორის ვლადიმირ პუტინს.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის მოადგილემ, პოლ მაშატილემ თქვა, რომ პუტინის დაკავების თავიდან ასაცილებლად ქვეყანამ სამიტის ვირტუალურად გამართვის, ან ჩინეთში გადატანის შესაძლებლობებიც განიხილა, თუმცა სამიტის მონაწილე სხვა სახელმწიფოებმა შეთავაზებებზე უარი თქვეს.

კომენტარები