რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აფრიკის სამშვიდობო დელეგაციის ვიზიტის პარალელურად კიევზე თავდასხმები გრძელდება

REUTERS/Valentyn Ogirenko

აფრიკის სამშვიდობო დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა. დელეგაციის წევრებს შორის არიან სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა და სენეგალის პრეზიდენტი, მეკი სალი. აფრიკის ლიდერები ბუჩას ეწვივნენ. მათი ვიზიტის პარალელურად გრძელდება კიევზე თავდასხმები. 

Reuters-ი იუწყება, რომ დელეგაციის წევრები საჰაერო თავდაცვის მიზნით სასტუმროში განთავსდნენ. აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოც. მისი თქმით, ქალაქზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს.

სამხრეთ აფრიკის, ეგვიპტის, სენეგალის, უგანდის, ზამბიისა და კონგოს რესპუბლიკის ლიდერებმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმა შეიმუშავეს. ამასთან, მათ უკრაინიდან და რუსეთიდან სასუქების მიწოდების გაზრდაზე მოლაპარაკებებიც სურთ. 

აფრიკის ლიდერები უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. მოგვიანებით დაგეგმილია მათი რუსეთში ვიზიტი და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაც. 


სამხრეთ აფრიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერასა და უკრაინაში მისი აგრესიის დაგმობაზე უარს აცხადებს. 

სამხრეთ აფრიკის მმართველმა პარტიამ, აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა რომის სტატუტიდან ქვეყნის შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით განხილვები 21 აპრილს დაიწყო, რათა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აგვისტოში შესაძლო ვიზიტის შემთხვევაში, მისი დაკავება არ მოუწიოს. 

კომენტარები