BRICS-ის სამიტი

პუტინი BRICS-ის სამიტს ვიდეოკონფერენციით დაესწრება

ვლადიმირ პუტინი
Гавриил Григоров / AFP / Scanpix / LETA

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იოჰანესბურგში გასამართ BRICS-ის სამიტს ვიდეოკონფერენციით დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია RIA Novosti ავრცელებს.

მანამდე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინი BRICS-ის სამიტისთვის სამხრეთ აფრიკაში არ ჩავიდოდა.

"ორმხრივი შეთანხმებით, პრეზიდენტი პუტინი სამიტს არ დაესწრება. რუსეთის ფედერაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარმოადგენს". - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, 18 ივლისს გავრცელდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას სიტყვები, რომ პუტინის დაკავების შემთხვევაში მისი ქვეყანა რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე დადგება.

"რუსეთთან ომში ჩართვის გარისკვა ჩვენს კონსტიტუციასთან შეუსაბამო იქნება". - დასძინა პრეზიდენტმა.

სამხრეთ აფრიკა, რომელიც რომის სტატუტის წევრია და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ მისი დაპატიმრების ვალდებულება ეკისრება, BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტის შეშვების და მისი დაკავების თავიდან აცილების სხვადასხვა გზას განიხილავდა.

მმართველმა პარტიამ, აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა 21 აპრილს რომის სტატუტიდან ქვეყნის შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით განხილვებიც კი დაიწყო. მაისის ბოლოს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკა აპირებდა კანონის შეცვლას, რათა თავად გადაეწყვიტა დააკავებდა თუ არა ICC-ის მიერ ძებნილ პირებს, მათ შორის ვლადიმირ პუტინს.

გასულ კვირას, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის მოადგილემ, პოლ მაშატილემ თქვა, რომ პუტინის დაკავების თავიდან ასაცილებლად ქვეყანამ სამიტის ვირტუალურად გამართვის, ან ჩინეთში გადატანის შესაძლებლობებიც განიხილა, თუმცა სამიტის მონაწილე სხვა სახელმწიფოებმა შეთავაზებებზე უარი თქვეს.

BRICS-ის სამიტი ბლოკში გაწევრიანებული ქვეყნების - ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის - კავშირების გამყარებას ისახავს მიზნად. წელს სამიტი 22-24 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები