BRICS-ის სამიტი

სი ძინფინგი BRICS-ის სამიტის ბიზნეს ფორუმს არ დაესწრო

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა, ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი, ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი, ვანგ ვენთაო და ახალი განვითარების ბანკის ხელმძღვანელი, დილმა რუსეფი BRICS-ის ბიზნეს ფორუმზე, 2023 წლის 22 აგვისტო.
MARCO LONGARI/AFP VIA GETTY IMAGES

სი ძინფინგი BRICS-ის სამიტის ფარგლებში გამართულ მნიშვნელოვან ბიზნეს ფორუმს არ დაესწრო და შეხვედრაზე ვაჭრობის მინისტრი, ვანგ ვენთაო გაგზავნა.

სი, რომელიც იოჰანესბურგში მიმდინარე სამიტზე დასასწრებად სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში 21 აგვისტოს ჩავიდა, ფორუმზე სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა მისი მომზადებული ტექსტი ვანგმა წაიკითხა.

პუტინის გარდა BRICS-ის ყველა ლიდერი იოჰანესბურგშია

წინასწარ მომზადებულ სიტყვაში ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ს შეფარულად დაუპირისპირდა და მსოფლიოს მოუწოდა "ახალი ცივი ომის უფსკრულში" გადაშვება თავიდან აირიდოს.

აშშ-ს პირდაპირ ხსენების გარეშე სი აღნიშნავს, რომ არსებობს "ზოგიერთი ქვეყანა", რომელიც ჰეგემონიის შესანარჩუნებლად განვითარებად ბაზრებსა და განვითარებად ქვეყნებს ზიანს აყენებს.

"ვინც სწრაფად ვითარდება, მისი შეკავების სამიზნე ხდება. ვინც ეწევა, მისი წინააღმდეგობის სამიზნე ხდება. მაგრამ ეს ამაოა". - წერს სი თავის სიტყვაში.

ჩინეთის პრეზიდენტი იოჰანესბურგში მყოფი ლიდერებიდან ერთადერთი იყო, რომელმაც ფორუმი გამოტოვა, თუმცა ოფიციალური განმარტება მისი არყოფნის მიზეზების შესახებ არ გაკეთებულა.

ფორუმის გამოტოვების შემდეგ, სი ინდოეთისა და ბრაზილიის ლიდერებთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, რამაფოსას მიერ გამართულ ვახშამს დაესწრო.

ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ჩინელი ლიდერის სამიტზე ყოფნის შემთხვევაში ნებისმიერი ფორუმისა თუ შეხვედრის გამოტოვება უჩვეულოა და ვარაუდობენ, რომ სის არყოფნას სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონდეს.

ბიზნეს ფორუმზე ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთო და სიტყვით გამოვიდა ვლადიმირ პუტინიც. მისი თქმით, რუსეთი კვლავ შეუერთდება მარცვლეულის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის მიმართ აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდება.

პუტინი: დავუბრუნდებით მარცვლეულის შეთანხმებას, თუ რუსეთის მიმართ ვალდებულებები შესრულდება

კომენტარები