რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: აფრიკის ქვეყნების დელეგაცია ჩამოვიდა, რათა პუტინის დაკავების ორდერი შეეჩერებინათ

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, აფრიკის ქვეყნების დელეგაციის უკრაინაში ჩასვლის მიზანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის შეჩერება იყო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება

"მათ მხოლოდ ერთი რამ აწუხებთ და რისთვისაც, მეჩვენება, რომ ჩამოვიდნენ, არის ეს: "მოდით პუტინის დაკავების ორდერის შეჩერება ერთ-ერთ პუნქტად ვაქციოთ, შემდეგ კი, გადავიდეთ სხვა პუნქტებზე". ბუნებრივია, ცოტა ადამიანია დაინტერესებულია ყველა სხვა პუნქტით". - თქვა პოდოლიაკმა.

ამასთანავე, მიხაილო პოდოლიაკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ დროისთვის ომის დასრულების ერთადერთი რეალური გეგმა უკრაინის მშვიდობიანი ფორმულაა, დანარჩენი კი დანებების სხვადასხვა ვარიანტებია.

პოდოლიაკმა ასევე კომენტარი გააკეთა დელეგაციის ჩამოსვლის დღეს კიევის დაბომბვასთან დაკავშირებით. პოდოლიაკის თქმით, კიევზე სარაკეტო შეტევამ გაანადგურა ლოიალობა, რომელიც აფრიკის რიგ ქვეყნებს ჰქონდათ რუსეთის ფედერაციის მიმართ.

"აშკარაა, რომ ისინი ამას საჯაროდ არ დემონსტრირებენ. ცხადია, არის გარკვეული დამოკიდებულება ნედლეულზე, სასუქებზე, ფულზე რუსეთის ფედერაციისგან, თუმცა მეჩვენება, რომ ეს სარაკეტო თავდასხმა იყო დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც აძლიერებს უკრაინის პოზიციას გლობალურ ბაზარზე". - თქვა პოდოლიაკმა.

აფრიკის სამშვიდობო დელეგაციის ვიზიტის პარალელურად კიევზე თავდასხმები გრძელდება

აფრიკის სამშვიდობო დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა. დელეგაციის წევრებს შორის არიან სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა და სენეგალის პრეზიდენტი, მეკი სალი. აფრიკის ლიდერები ბუჩას ეწვივნენ. მათი ვიზიტის პარალელურად გრძელდება კიევზე თავდასხმები.

სამხრეთ აფრიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერასა და უკრაინაში მისი აგრესიის დაგმობაზე უარს აცხადებს. 

სამხრეთ აფრიკის მმართველმა პარტიამ, აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა რომის სტატუტიდან ქვეყნის შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით განხილვები 21 აპრილს დაიწყო, რათა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აგვისტოში შესაძლო ვიზიტის შემთხვევაში, მისი დაკავება არ მოუწიოს. 

კომენტარები