BRICS-ის სამიტი

BRICS-ის წევრები ბლოკის გაფართოების მექანიზმზე შეთანხმდნენ

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა, ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი, და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი BRICS-ის სამიტზე, 2023 წლის 23 აგვისტო.
GIANLUIGI GUERCIA/Pool via REUTERS

23 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნალედი პანდორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, BRICS-ის წევრი სახელმწიფოები - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა - ბლოკის გაფართოებისთვის საჭირო მექანიზმზე შეთანხმდნენ, შედეგად, ათობით დაინტერესებულ სახელმწიფოს ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად გზა ეხსნება.

"ჩვენ შევთანხმდით გაფართოების საკითხზე. ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც მივიღეთ და რომელიც ადგენს რეკომენდაციებსა და პრინციპებს, პროცესებს იმ ქვეყნების განხილვისთვის, რომლებსაც BRICS-ის წევრობა სურთ... ეს ძალიან დადებითია". - აღნიშნა პანდორმა უბუნტუ რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ BRICS-ში შემავალი ქვეყნების რაოდენობის გაზრდას ყველა წევრი სახელმწიფო ემხრობოდა, თანხმობა არ არსებობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი წევრით და რამდენად სწრაფად უნდა გაზრდილიყო ბლოკის შემადგენლობა.

სამხრეთ აფრიკელი ოფიციალური პირების თქმით, BRICS-ში გაწევრიანების სურვილი 40-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა, მათგან 22-მა კი ორგანიზაციას ოფიციალურადაც მიმართა.

BRICS-ის სამიტი 24 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები