სამხრეთ აფრიკის კოოპერაციული მმართველობისა და ტრადიციული საკითხების მინისტრის მოადგილის, ობედ ბაპელას მიერ BBC-ისთვის მიცემული კომენტარის მიხედვით, ქვეყანა აპირებს კანონის შეცვლას, რათა თავად გადაწყვიტოს დააკავებს თუ არა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ძებნილ პირებს, მათ შორის ვლადიმირ პუტინს.
ბაპელას კომენტარი აგვისტოში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად სამხრეთ აფრიკის მიერ პუტინის მიწვევასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს მოჰყვა. გაურკვეველია ძალაშია თუ არა აღნიშნული მიწვევა ICC-ის მიერ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების შესახებ გამოცემული ორდერის შემდეგაც.
სამხრეთ აფრიკამ BRICS-ის სამიტზე მიწვეულ სხვა რუს ოფიციალურ პირებს დიპლომატიური იმუნიტეტი უკვე მიანიჭა, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტანდარტულ პროცედურად შეაფასა.
BRICS-ის სამიტი ბლოკში გაწევრიანებული ქვეყნების - ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის - კავშირების გამყარებას ისახავს მიზნად.
კრემლს არ უთქვამს დაესწრება თუ არა პუტინი სამიტს.