სტიქია რაჭაში

თავდაცვა: საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეიმუშავეს სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ.  

"თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვიან ღამემდე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. შემუშავდა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ". - წერია განცხადებაში. 

დღეს, 5 აგვისტოს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჩართვის შესახებ ბრძანება გამოსცა. 

ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 30-მდე პირს კი ეძებენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა. 

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები