სამხედრო გადატრიალება ნიგერში

საფრანგეთი ნიგერიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

გასულ კვირას ნიგერში მომხდარი გადატრიალების შემდეგ ანტიფრანგული განწყობების გამო საფრანგეთი ნიგერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ემზადება. გადაწყვეტილება აჯანყებულების მიერ ქალაქ ნიამეში საფრანგეთის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ მიიღეს. მათ საელჩოს შენობის კედლებს ცეცხლი წაუკიდეს.

საელჩოს განცხადებით, ის ასევე დაეხმარება ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყანა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევაკუაცია სამშაბათს დაიწყება. საელჩოს განცხადებით, გადაწყვეტილებაზე გავლენა ასევე იქონია ნიგერის საჰაერო სივრცის დახურვამ, რამაც შეუძლებელი გახადა, საფრანგეთის მოქალაქეებს ადგილი დამოუკიდებლად დაეტოვებინათ. 

მანამდე საფრანგეთი მიესალმა დასავლეთ აფრიკის ბლოკ  Ecowas-ის მიერ კვირას გამოქვეყნებულ ულტიმატუმს, რომელიც სამხედროებს ერთ კვირას აძლევდა არჩეული პრეზიდენტის, მოჰამედ ბაზუმის აღდგენისთვის. ბაზუმი ნიამეს პრეზიდენტის სასახლეში იმყოფება. სამხედრო ძალას არ გაუკეთებია კომენტარი ამ მოთხოვნაზე, მაგრამ პირობა დადო, რომ დაიცავს ქვეყანას რეგიონული ან დასავლური ძალების ნებისმიერი "აგრესიისგან". მან საფრანგეთი სამხედრო ინტერვენციის დაგეგმვაში დაადანაშაულა.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

ამჟამად, საფრანგეთის მიერ მოქალაქეების ევაკუაციისთვის მზადება დაწყებულია. 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იტალიის მოქალაქეებს სთავაზობენ ნიამეს დატოვებას იტალიაში სპეციალური რეისით.


ნიგერის სამხედროებმა 30 ივლისს გადატრიალება გამოაცხადეს, მას შემდეგ რაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ ბაზუმის, სათავო ოფისი დაარბიეს.

აჯანყებულებთან მოლაპარაკებებში ჩართული არის საფრანგეთი და ნიგერიაც.

ნიგერში სამხედრო გადატრიალების მხარდამჭერი დემონსტრანტები საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ. მიუხედავად კრემლის მოწოდებისა, გაათავისუფლონ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული და ამჟამად პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი, აქციაზე ისმოდა შეძახილები "გაუმარჯოს რუსეთს", "გაუმარჯოს პუტინს", "ძირს საფრანგეთი". მსგავსი, ანტიფრანგული და პრორუსული მოძრაობები რეგიონში ახალი არ არის და იგივე პროცესები ბოლო წლებში ბურკინა ფასოსა და საჰელის რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაშიც მიმდინარეობდა.

ნიგერი 1960 წლამდე 50 წლის განმავლობაში საფრანგეთის კოლონია იყო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც ორ ქვეყანას მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებდა. ნიგერში ბევრი თვლის, რომ საფრანგეთი 1960 წლის შემდეგაც აგრძელებდა იმპერიული მიდგომებით მოქმედებას, ქვეყნის რესურსებს თავის სასარგებლოდ იყენებდა და მის ეკონომიკურ პოლიტიკასაც განსაზღვრავდა. 

გასულ წელს საფრანგეთმა სამხედროები ნიგერიდან მალიში გადაიყვანა, როცა შუალედურ მთავრობასთან ურთიერთობა გაურთულდათ. მსგავსი დაძაბულობის დროს მათ ძალები ბურკინა ფასოდანაც გამოიყვანეს. 

კომენტარები