სტიქია რაჭაში

EU შოვზე: ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, ვიმედოვნებთ, ყველა დაკარგული უსაფრთხოდ დაბრუნდება

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში რაჭაში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა დაკარგული სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს. 

"ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით თვალს ადევნებს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს". - წერია განცხადებაში. 

ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 6 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის დაკავშირება 35 ადამიანთან ვერ ხერხდება. მისივე სიტყვებით, გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა.  

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები