სტიქია რაჭაში

მთავრობა: ირაკლი ღარიბაშვილმა ონში, საგანგებო შტაბში თათბირი გამართა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. მან ონის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა შტაბის წევრებისგან მიმდინარე სამაშველო სამუშაოებისა და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 6 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის დაკავშირება 35 ადამიანთან ვერ ხერხდება.  მისივე სიტყვებით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა.  

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები