საქართველო-რუსეთი

კობახიძე ბათუმის აქციაზე: ეს იყო ქაჯობა, ამ ქაჯობამ მძიმე შედეგები მოგვიტანა, 2008 წელსაც

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმის პორტში რუსი ტურისტების გემის წინ გამართული აქცია "ქაჯობად" შეაფასა. ამის შესახებ მან სამთავრობო მედიის, ტვ იმედის ეთერში ისაუბრა.

კითხვაზე, რას აპირებს ხელისუფლება, როდესაც საზოგადოების ნაწილი, ასევე ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ქართული ოცნება "რუსეთის მაამებელ პოლიტიკას ატარებს", კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სწორედ პრაგმატული, რაციონალური პოლიტიკა სჭირდება და არა - "ქაჯური". 

"მე ერთი უხეში ტერმინი მინდა გამოვიყენო - რასაც ვხედავთ, მათ შორის, ახლა, დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის უბრალოდ ქაჯობა და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო შედარებით გვიანდელი პერიოდი, ეს იყო 2004-12 წელი, მათ შორის, 2008 წელი. ჩვენ ხშირად ვიხსენებთ იმას, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ყველა წინა ომი, რა თქმა უნდა რუსეთი იყო აგრესორი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს მათ შორის იყო იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა. სწორედ ეს ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს. 

დღეს იგივე ადამიანები ოპოზიციის რიგებიდან ცდილობენ ამ ქაჯობის დაბრუნებას და ამით შეუქმნან საქართველოს პრობლემები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა. ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა". - ამბობს კობახიძე. 

დღეს, 27 ივლისს ბათუმში მოქალაქეები შეიკრიბნენ პორტში გაჩერებული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-სთან, რომელმაც მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა. დემონსტრანტები გემის ქალაქში შემოსვლას აპროტესტებდნენ. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. მედიასთან საუბარში რუსმა ტურისტებმა ანტიქართული კომენტარები გააკეთეს.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, ტურისტების მოგზაურობის ფარგლებში იგეგმებოდა სპეციალური საექსკურსიო ტური და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება.

გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. გავრცელებული ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

გასულ დღეებში გემის ახალი მარშრუტის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა სამთავრობო-პროპაგანდისტულმა არხმა, Россия 1-მა მოამზადა. რუსული პროპაგანდისტული არხის სიუჟეტში ირწმუნებოდნენ, რომ დამატებითი გაჩერება ბათუმის სანაპიროზე რუსი და თურქი ტურისტების მოთხოვნის გამო დაემატა. მათივე თქმით, "მგზავრებს არ მოუწევთ არანაირი დამატებითი დოკუმენტების გაფორმება". 

25 ივლისს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომელშიც დაადასტურეს, რომ Astoria Grande ბათუმის პორტში შევიდოდა, თუმცა აღნიშნეს, რომ ხომალდი სანქცირებული არაა. განცხადებაში ნახსენები არ იყო, რომ ხომალდი სოჭის პორტიდან გამოდიოდა.

"გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-იშემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება". – ნათქვამი იყო განცხადებაში. 

Astoria Grande-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, კიდევ ერთი რეისის დაწყება 29 ივლისს იგეგმება. ამ რეისის ფარგლებში ლაინერი ბათუმის პორტში მეორედ შესვლას უკვე 31 ივლისს გეგმავს.


სოჭის პორტის ადმინისტრაცია 2023 წლის იანვარში ამბობდა, რომ რომ საქართველოსთან და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ მათ პორტებში მიმოსვლა დაწყებულიყო. სოჭის პორტის დირექტორმა, იური ვლადიმიროვმა მაშინ აღნიშნა, რომ მგზავრობების დაწყებას 2023 წლის ზაფხულისთვის აპირებდნენ. ამ სიტყვებს შემდეგში გამოეხმაურა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელმაც აღნიშნა, რომ "უცნობია, რაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია".

ამას გარდა, 22 ივლისს გავრცელებული ცნობის მიხედვით, ახალი რუსული საკრუიზო გემის "პეტრე დიდის" საერთაშორისო მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს. რუსული მედია вестник кавказа წერდა, რომ გემი მგზავრობას 2023 წლის აგვისტოში დაიწყებდა.

კომენტარები